ლაგოდეხის ნაკრძალში ბრაკონიერები რეინჯერებს თავს დაესხნენ
როგორც სულამანიძემ knews.ge-ს განუცხადა, შემთხვევა 7-8 აგვისტოს მოხდა, როდესაც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ანტიბრაკონიერულ ღონისძიებებს ატარებდა. მისივე თქმით, ფიზიკური დაპირისპირების დროს რეინჯერმა მიიღო სხეულის დაზიანება, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“თავდაპირველი ინფორმაციით ნაკრძალში 2 ბრაკონიერი იყო შესული სანადიროდ. როგორც გაირკვა, კონკრეტულ ხეობაში ბრაკონიერთა ორი სხვადასხვა ჯგუფი იყო შესული. პირველი ორ კაციანი ჯგუფი 7 აგვისტოს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით დავაკავეთ, მე-2 ოთხ კაციანი ჯგუფი კი რეინჯერების “ჩასაფრებაში” მოყვა. ბრაკონიერები ზემოდან ქვემოთ ეშვებოდნენ ნიღბებით და კარაბინებით შეიარაღებულები. მათ რეინჯერების დანახვისას იარაღები გადატენეს და ქვები დაუგორეს, ქვათა ცვენაში 1 რეინჯერი დაზარალდა. მას ქვა თავში მოხვდა და ჭრილობა მიიღო. რეინჯერი გადავიყვანეთ საავადმყოფოში, სადაც ჭრილობა დაუმუშავდა და ნაკერები დაედო. შსს ლაგოდეხის სამმართველო იძიებს რეინჯერებზე თავდასხმის ფაქტს. ინფრმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მიაწოდა შესაბამის უწყებებს”, – განაცხადა გიორგი სულამანიძემ.
მისივე განმარტებით, ბოლო წლებში დაცულ ტერიტორიებზე მტაცებელი ცხოველი გამრავლდა და სავარაუდოდ ეს არის ბრაკონიერების ბოლო 2 თვეში საგრძნობი გააქტიიურების მიზეზი. 90-იან წლებში ლაგოდეხის ნაკრძალში მსხვილ ძუძუმწოვართა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. მაგალითად, 1989 წლის აღრიცხვებით აქ 1400 ირემი და 2500 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ბინადრობდა. ხოლო 1999 წლის მონაცემებით, 70 ირემი და 120 ჯიხვი იყო დარჩენილი.