ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილმა ყვარლის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო

შალვა ნათელაშვილმა ამომრჩეველს პარტიის პროგრამა გააცნო, სადაც ძირითადი ყურადღება სოციალურ საკითხებსა და საბანკო სექტორთან აღებული ვალდებულებების გამო შექმნილი პრობლემების მოგვარებას ეთმობა.
პარტიის ლიდერმა ყვარლის მაცხოვრებლებს მთავრობის მიერ შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და 8 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდა.
“ჩვენ ვიმყოფებით ყვარელში, ჭავჭავაძეების ფუძეზე და დიდი ილია ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მის მიერ გამოსყიდული ქართული მიწები, მამულები, ჭალები და ეროვნული სიმდიდრე ისევ იქნებოდა მითვისებული და ისევ უკან დასაბრუნებელი გაგვიხდებოდა. ივანიშვილს ყვარელიდან ვეუბნები, რომ მისი ადგილი პოლიტიკურ სივრცეში არ არის და ხალხი ამას დაამტკიცებს არჩევნებზე”,–აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
ყვარლის მაცხოვრებლების ნაწილი აცხადებს, რომ არჩევანი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
,,ვინც ხალხს გვერდით დაუდგება, მას მივცემთ ხმას. ამ ეტაპზე, გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული, თუმცა შალვა ნათელაშვილი კარგი კანდიდატურაა, გაგავაცნო საარჩევნო პროგრამა და კმაყოფილი ვარ”,–აცხადებს მადონა ბუთიაშვილი.