UNICEF–საარჩევნო პროგრამებში ბავშვთა საკითხების გათვალისწინება მნიშვნელოვანია
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადგილობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის ზრდაზე, კვების დეფიციტის აღმოფხვრის აუცილებლობაზე, შშმ და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებების შესახებ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ამ საკითხებით დაინტერესებისკენ მოუწოდეს.
შეხვედრის ორგანიზატორის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ჟვანიას განცხადებით, პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიაში ბავშვთა საკითხების გათვალისწინება მნიშვნელოვანია.
,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, სადაც გაიხსნა საარჩევნო მედია ცენტრები, სისტემატურად მოეწყობა თემატური შეხვედრები და ბრიფინგები. არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და მედია საშუალებების წარმომადგენლებს და აქტიურ მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ ისაუბრონ, განიხილონ მნიშვნელოვანი საკითხები და არჩევნების დღისით მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო, გაგვეგო არის თუ არა ბავშვთა საკითხები ასახული პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში,’’– განუცხადა Knews.ge-ს ნინო ჟვანიამ.
გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის მაია ქურციკიძეს თქმით, ძირითადი პრობლემები არის ბავშვთა სიღარიბე, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა, სკოლამდელ და ზოგად განათლებასთან არსებული პრობლემები და სხვა, რომლის მოგვარებაზეც პარტიებმა წინასაარჩევნოდ ხედვები საზოგადოებას უნდა გააცნონ.
,,გარდა სხვა პრობლემებისა, საქართველოში არსებობს ბავშვთა ჯგუფები რომლებიც განსაკუთრებით დაუცველები არიან, ესენი არიან ქუჩაში მომუშავე, სოციალურად დაუცველი ან შშმ ბავშვები. ბავშვთა მიმართ ძალადობა საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მოვისმინოთ პოლიტიკური პარტიების ხედვები და გვაინტერესებს როგორ აპირებენ ისინი ამ პრობლემების მოგვარებას. ჩვენ, 1 ივნისს, გამოვაქვეყნეთ მოწოდება პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომ გაითვალისწინონ მათ ბავშვთა საკიხები წინასაარჩევნო კამპანიებში და პროგრამებში. გვინდა, რომ გავააქტიუროთ ბავშვთა საკითხები წინასაარჩევნო დისკუსიის დროს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი დრო დაუთმონ მას და საარჩევნო პროგრმაებში შეიტანონ ეს საკითხები,’’– განუცხადა Knews.ge-ს მაია ქურციკიძემ.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვერაზე ისაუბრეს თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს სოციალური დაცვის სისტემა, რომ საქართველოში შემცირდეს ბავშვთა სიღარიბე და გაძლიერდნენ ოჯახები. ასევე, როგორ უნდა დაიგეგმოს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა ისე, რომ საქართველოს მიღწევები განათლების სფეროში არ ჩამორჩებოდეს ევროპის სხვა ქვეყნების შედეგებს. შეხვედრის ბოლოს შეაჯამეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ბავშვთა კვების დეფიციტის აღმოფხვრა, ბავშვების ოჯახში აღზრდის უფლება, დაუცველი ბავშვების, შშმ, ძალადობის მსხვერპლი, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვას დისკრიმინაციისა და სტიგმისაგან დაცვის საკითხები და სხვა.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ბავშვთა პრობლემებზე და მისი მოგვარების გზებზე დისკუსიების გამართვა მნიშვნელოვანია, რომელიც პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებას უწყობს ხელს.