ტერაქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე დუისში მცხოვრები ახალგაზრდა დააკავეს
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2016 წლის 29 ივლისს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მომხმარებლის სახელით Dau Levski გაავრცელა მუქარის შემცველი ინფორმაცია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება და იმავე დღეს დადგინდა ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ტერორისტული აქტის ქმედების ჩადენის მუქარის ავტორი.
ასევე განხორციელდა ვახტანგ ხანგოშვილის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი მისამართის ჩხრეკა. დაკითხვის პროცესში, დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს”, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
გამოძიება დაიწყო ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით. დანაშაული 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.