მოსახლეობის 71 % – ს აზრით, უვიზო მიმოსვლა ქვეყანას სარგებელს მოუტანს
უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, knews.ge-მ თელავშიმცირე გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა ნაწილის აზრით, სხვადასხვა ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის მეშვეობით ქართველებს შესაძლებლობა ექნებათ, განვითარებულ სამყაროს გააცნონ ქართული კულტურა და ამავე დროს ინფორმაცია მიიღონ უცხო ქვეყნების ტრადიციების შესახებ.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიზა-ლიბერალიზაცია. ეს ხელს შეუწყობს მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ქვეყნებს შორის. მე პირადად ძალიან მაინტერესებს იტალია, მისი ტრადიციები და კულტურა. თუ მექნება შესაძლებლობა, პირველად აუცილებლად ამ ქვეყანაში წავალ’’,– განუცხადა knews.ge-ს თელავის მკვიდრმა ნოდარ გულიაშვილმა.
გამოკითხულთა მეორე ნაწილი თვლის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით საქართველოს მოსახლების უმრავლესობა სარგებელს ვერ ნახავს.
,,ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი არის უარყოფითი. ვფიქრობ, რომ უვიზო მიმოსვლა მხოლოდ ერთეულებისთვის იქნება შესაძლებელი და უბრალო ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. გარდა ამისა, მეორე უარყოფითი რაც ამას შეიძლება მოყვეს არის ის, რომ ეს პროცესი ხელს შეუშლის ჩვენი ეროვნულობის და ტრადიციების შენარჩუნებას’’,- განუცხადა knews.ge-ს თელაველმა მარიამ ცუცუნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდგომ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მთავარი წინაპირობაა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.