ახალი ამბები

გურჯაანში გარევაჭრობის მოწესრიგებას მოითხოვენ

მოვაჭრეების განცხადებით, ადგილის დატოვებას არ აპირებენ. მათივე თქმით, ალტერნარტიული ფართი გამოყოფილი არ არის, იმ ადგილზე კი, სადაც ამ დრომდე ე.წ. ,,გლეხური ბაზრის” ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. 

,,სად წავიდეთ, ბაზრის შიგნით სამუშაოები მიმდინარეობს და როგორ დავსხდეთ იმ მტვერში და ხმაურში. მაშინ გვითხრეს რომ გარეთ გავსულიყავით, ეხლა აქედანაც წადითო, გვეუბნებიან, რა ვქნათ ოჯახები როგორ ვარჩინოთ”,–აცხადებს ნაზიბროლა რამაზაშვილი.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ალტერნატიული ფართი – ბაზრის შიდა ტერიტორიაზე დახლებია გამოყოფილი. მათივე ინფორმაციით, მოვაჭრეებს შეხვდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, თუმცა კონსესუსს ვერ მიაღწიეს. მათ გაფრთხილება მისცეს, რომ გარევაჭრობა კანონით დასჯადია და შესაძლოა, ჯარიმა დაეკისროთ. 

,,არ არის გამართლებული მათი მოთხოვნა. ბაზრის შიდა ტერიტორიაზე არის დახლები, სადაც შეუძლიათ განთავსდნენ. გარეთ ისინი იმ გადასახადს არ იხდიან, რაც შიდა ტერიტორიაზე უნდა გადაიახადონ”,–აცხადებს აგრარული ბაზრის დირექტორი ლამარა აკოფაშვილი.

კოდექსის თანახმად, გარევაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე. ხოლო გარემოვაჭრე, რომელიც არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერ განკარგულებას ან მოთხოვნას, დაჯარიმდება 50-დან 100 ლარამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 7 დღემდე ვადით.