სტატიები

TI – ფართო საზოგადოებისთვის საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე წვდომა დაბალია

კვლევაში ასახულია თუ რამდენად გამჭვირვალეთ მუშაობენ რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები და რამდენად აქვს მოსახლეობას შესაძლებლობა, თვალი ადევნოს მათ საქმიანობას. 
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ თელავის ოფისის ხელმძღვანელის, ზურა მირზიკაშვილის ინფორმაციით, კვლევამ კახეთის რეგიონის ცხრა მუნიციპალიტეტი მოიცვა და მის ფარგლებში განხორციელდა მუნიციპალიტეტების მიერ ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელ Facebook-ში მათ ოფიციალურ გვერდებზე ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების მონიტორინგი. კვლევა მოიცავს 2016 წლის მაისის პერიოდს. 
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო დაწესებულებებს 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ/გამოეცათ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები, თუმცა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნული ვალდებულება კახეთის არც ერთ მუნიციპალიტეტს არ შეუსრულებია. ყველა მუნიციპალიტეტს აქვს მიღებული დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ, მაგრამ დადგენილებით ნაკისრ ვალდებულებებს თითქმის არც ერთი მუნიციპალიტეტი არ ასრულებს, ამასთან, გამჭვირვალობისა და ინფორმაციულობის სტანდარტებს მათ მიერ შექმნილი ვებგვერდები ძირითადად ვერ აკმაყოფილებს; დადგენილებით ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, ყვარლის (www.kvareli.ge), დედოფლისწყაროსა (www.dedoplistskaro.ge) და თვითმმართველი ქალაქი თელავის (www.telavi.gov.ge) მუნიციპალიტეტის ვებგვერდი ამჟამად არ ფუნქციონირებს; მხოლოდ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტს ვებგვერდიwww.telavi-temi.ge მოიცავს სრულად იმ ინფორმაციას, რაც საკრებულომ დაადგინა. თელავის თემის ვებგვერდი არის ყველაზე ხშირად განახლებადი ვებგვერდი კახეთის მუნიციპალიტეტებში; კახეთის ყველა მუნიციპალიტეტი სარგებლობს სოციალური ქსელით Facebook, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური ქსელით სარგებლობა ვერ მიიჩნევა ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტის დაცვად, ვინაიდან ფორმატიდან გამომდინარე, მსგავსი სოციალური ქსელები ინფორმაციის გასაჯაროების მხოლოდ დამხმარე და არა ძირითად საშუალებას წარმოადგენენ,’’–განუცხადა Knews.ge-ს ზურა მირზიკაშვილმა.
ზურა მირზიკაშვილისვე განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს აღნიშნული ხარვეზების და პრობლემების გამოსასწორებლად რეკომენდაციებს სთავაზობს. მისი თქმით, იმ მუნიციპალიტეტებმა, სადაც ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული ვებგვერდები, დროულად უნდა აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა. 
,,მუნიციპალიტეტები საჯარო დაწესებულებებს წარმოადგენენ და მათი ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, სამართლებრივი აქტები კი ადვილად ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის; იმ მუნიციპალიტეტებმა, რომლებმაც შექმნეს ოფიციალური ვებგვერდები, მაგრამ მხოლოდ მცირე ინფორმაცია განათავსეს, დროულად უზრუნველყონ ინფორმაციის სრული სახით ატვირთვა; მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებებმა რეგულარულად განაახლონ ვებგვერდები და უზრუნველყონ მოსახლეობისათვის მათი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა,’’– განაცხადა ზურა მირზიკაშვილმა.