თელავში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნა
ცენტრი მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებს უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის.
როგორც knews.ge-ს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა, მაია ფურცხვანიძემ განუცხადა, მედიაცენტრები ხელს შეუწყობს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას.
მისივე თქმით, ცენტრი მოქალაქეებს შეუწყობს ხელს გაეცნონ საარჩევნო პროგრამებს რათა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.
,,მედიაცენტრი დეკემბრის ბოლომდე იფუნქციონირებს და მისი ძირითადი მიმართლება იქნება მედიაბრიფინგების ორგანიზება, მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება, ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებებისა და წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. გარდა ამისა, არჩევნების დღეს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გამართონ ბრიფინგები. მედიაცენტრი უზრუნველყოფს უსაფრთხო და ნეიტრალურ სამუშაო გარემოს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით, ასევე ხელმისაწვდომი იქნება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი”, – განუცხადა Knews.ge-ს მაია ფურცხვანიძემ.
მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.