გელა სამხარაულს ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგენენ
ის ამჟამად თელავის მაჟორიტარი დეპუტატია და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს. სამხარაულის განცხადებით, მას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია იქნება თუ არა ახმეტელების წარმომადგენელი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
“ამ ეტაპზე დანამდვილებით ვერ გეტყვით კანდიდატი მე ვარ თუ არა და ამას მეც რამდენიმე დღეში გავიგებ. მანდატი ჩემი თვითმიზანი არ არის. მე გუნდთან პრინციპები და ღირებულებები მაერთიანებს. ჩემს გამოცდილებას, შესაძლებლობებს და რესურსს გამოვიყენებ იქ, სადაც ქვეყანას დასჭირდება და სადაც ამას გუნდი ჩათვლის საჭიროდ”, – განაცხადა გელა სამხარაულმა.
არსებული ინფორმაციით, გელა სამხარაულსა და ზურაბ ზვიადაურს შორის დაპირისპირება დაახლოებით ერთი თვის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა პარტიამ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამხარაულის წარადგენა გადაწყვიტა. თელავის მაჟორიოტარი დეპუტატი ზვიადაურთან დაპირისპირებას გამორიცხავს.
“ზურაბ ზვიადაურს ბავშვობიდან ვიცნობ და მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ასე, რომ მსგავსი ტიპის მანიპულაციებით ჩვენს შორის ურთიერთობა არ შეიცვლება. მე ვიქნები მაჟორიტარი, ის თუ სხვა, ყველა ერთად, იმ პოზიციიდან, სადაც ვიქნებით, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ თითოეული ამომრჩევლისთვის, ახმეტელი იქნება ის თუ თელაველი”, – აღნიშნა სამხარაულმა.
2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2016 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი რჩება, თუმცა არსებითად შეიცვალა საარჩევნო ოლქების საზღვრები. ერთი საარჩევნო ოლქის საზღვრებშია ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების გულგულის, ვარდისუბნის, თეთრი წყლების, იყალთოს, ნაფარეულის, რუისპირის, სანიორის, ფშავლის, ყარაჯალისა და ართანის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები.