მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესში ცვლილებები შევიდა
ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აქამდე მას არეგულირებდა პრეზიდენტის ბრძანებულება და შესაბამისად, ახლა უკვე მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება.
,,მნიშვნელოვანია, რომ გამარტივდა გარკვეული მიმართულებები, ასევე გაფართოვდა იმ საბუთების ჩამონათვალი, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ უკვე აღიარების კომისიას. ასევე შეიცვალა კომისიის ადგილიც – თუ ისინი აქამდე იყვნენ საკრებულოებში, ახლა გადავლენ გამგეობებსა და მერიებში. კომისიაში, რა თქმა უნდა, საკრებულოს წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები. გარკვეულ ადგილებში დაემატა ასევე სახელმწიფოს ზედამხედველობა და მონაწილეობა. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეებს უნდა მისცეს მეტი კერძო საკუთრება,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დადგენილების მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესს დაემატა გარკვეული პუნქტები, რომლის მიხედვით მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუადვილდებათ აღიარების გზით ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება. დამატებულ პუნქტებს შორის შეიძლება აღინიშნოს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ჩამონათვალში დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი ცნობა-დახასიათების შინაარსის დაზუსტება. გარდა ამისა, ახლებურად განისაზღვრა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ფორმირების წესი. კომისია წელიწადში ორჯერ მოამზადებს საქმიანობის ანგარიშს, რომელიც გაეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობას.