ახალი ამბები

მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებში ხარჯები 4 მილიონი ლარით გაიზარდა

არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანს 2014 წლიდან დღემდე ამ კუთხით არსებული სიტუაციის გაცნობა წარმოადგენდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლების განმარტებით, საქართველოში არსებული უმუშევრობის მაჩვენებლიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობა რჩება დასაქმების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად, თუმცა არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწევს მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ საბიუჯეტო რესურსებს.
,,საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას, შესაბამისად, ა(ა)იპის ხელმძღვანელი საკადრო გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად იღებს ერთპიროვნულად, რაც არ იძლევა შესაძლებლობას ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეირჩეს უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. ეჭქვეშ დგას საკითხი, თუ რამდენად შეესაბამება კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია მათ მიერ დაკავებულ პოზიციებს. 2014 წლის არჩევნების შემდეგ: მუნიციპალურ, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 232 პირით (36540-დან 44772-მდე) გაიზარდა; დასაქმებულ პირთა რაოდენობის გაზრდის შესაბამისად შეიცვალა შრომის ანაზღაურების მოცულობა – 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ა(ა)იპებში დასაქმებულთა ხელფასებზე მუნიციპალიტეტები ჯამში 4 245 152,6 ლარით მეტს ხარჯავენ, ვიდრე 2014 წლის არჩევნებამდე (11126350.24 ლარიდან 15371502.81 ლარამდე); შესაბამისად, ანალოგიური წლიური დანახარჯი 50 941 831,2 ლარით გაიზარდა,’’–განუცხადეს knews.ge-ს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში”.
ორგანიზაციის შეფასებით, მუნიციპალიტეტებში ახალი ა(ა)იპების ხშირ შემთხვევაში ფუძნდება გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის გარეშე, რაც მწირი მუნიციპალური ფინანსური რესურსების კიდევ უფრო მეტად არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს. მესამე სექტორი ადგილობრივ თვითმმართველობებს მოუწოდებს, გადახედონ არსებულ პრაქტიკას და იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით – ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში მაქსიმალურად გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი.