ახალი ამბები

“გირჩი” – გუბერნატორის ინსტიტუტი გაუქმდება

პარტიის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, საჯარო სამსახურებში თანამშრომლების რაოდენობა 40 000-ით შემცირდება, თუმცა გათავისუფლებული თანამშრომლები კომპენსაციას მიიღებენ, რათა კერძო სექტორში გადასასვლელად შესაბამისი მომზადება გაიარონ. როგორც knews.ge-ს ახალ პოლიტიკურ ცენტრში განუცხადეს, ხელისუფლება უარს იტყვის სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაფინანსებაზე.
„2017 წელს ჩვენ ბიუროკრატიულ აპარატს შევამცირებთ 115,000-დან 75,000 საჯარო მოხელემდე. ჩვენ ადეკვატურ საკომპენსაციო ღონისძიებად მიგვაჩნია დათხოვნილ 40,000 საჯარო მოხელეს ერთი წლის განმავლობაში გადავუხადოთ მათი ხელფასის 70%, კომპენსაციის სახით. ამ ღონისძიების მიზანია, რომ მათ ერთი წლის განმავლობაში მოახერხონ კერძო სექტორში სამუშაო ადგილის მოძებნა, პერეკვალიფიკაციაზე ზრუნვა, საკუთარი ბიზნესის დაწყება და ყველა იმ შესაძლებლობის სრულად გამოყენება, რასაც ქვეყანაშიეკონომიკური რეფორმების შედეგად გაძლიერებული და გააქტიურებული კერძო სექტორი შექმნის. ბიუროკრატიის ოპტიმიზაციის პარალელურად დღევანდელი 19 სამინისტრო, მათ შორის სამი სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შემცირდება 8 სამინისტრომდე. გუბერნატორების ინსტიტუტი გაუქმდება. საბიუჯეტო სახსრების შემცირების სხვა წყაროებია მთავრობის მიერ ბიზნესის, სოფლის მეურნეობის სუბსიდირების, პოლიტიკური ლოიალობის მოპოვების მიზნით დაფინანსებული ე.წ. კულტურულ-სპორტული და გასართობი ღონისძიებების დაფინანსების შეწყვეტა“, – განუცხადეს knews.ge-ს ახალ პოლიტიკურ ცენტრში.