კახეთში აღმოჩენილმა უნიკალურმა იარაღმა შესაძლოა ამიერკავკასიის ისტორია შეცვალოს
სავარაუდოდ ბრძოლაში დაღუპული მეომრის სამარხის გათხრისას არქეოლოგებმა მებრძოლის ჩონჩხის მუცლის არეში არაკავკასიური წარმომავლობის ისრის პირი იპოვეს. მეომრის ზურგთან ასევე აღმოაჩინეს ბრინჯაოს მახვილი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის XIII საუკუნით თარიღდება. როგორც knews.ge-ს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, ასეთი საბრძოლო იარაღი სრულიად უცხოა ისტორიული და არქეოლოგიური საზოგადოებისათვის, რაც დიდნაურის უნიკალურობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. იარაღის წარმომავლობის შესწავლამ შესაძლოა ამიერკავკასიის ისტორია სრულიად შეცვალოს.
,,ამ ტერიტორიას ძეგლის სტატუსი უკვე მივანიჭეთ. ახლა ვარკვევთ, რა მასშტაბის აღმოჩენასთან გვაქვს საქმე. ამის შემდეგ კი შესაბამისად ვიმოქმედებთ. ახალი აღმოჩენით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დიდნაური ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ნაქალაქარია და მან შესაძლოა მთელი ამიერკავკასიის ისტორია შეცვალოს. სამინისტრო და ჩვენი სააგენტო არქეოლოგიური გათხრების გაგრძელებას ხელს მაქსიმალურად შეუწყობს“, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ანთიძემ.

