თელავში შრომითი უფლებების შესახებ სემინარი ჩატარდა
შეხვედრა გაიმართა აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის „კანონის უზენაესობა საქართველოში“(PROLOG) და პროექტის “მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ქალთა შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში, რომელიც 2016 წლის 1 თებერვლიდან დაიწყო. პროექტს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
როგორც knews.ge–ს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლარისა ლიპარტელიანმა განუცხადა, პროექტი მიზნად ისახავს ქალებისთვის შრომით დავებზე მართლმასაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
„დღეს სემინარი სპეციალურად ქალებისთვის ტარდება და ეხება მათ შრომით უფლებებს. ჩვენ განვიხილავთ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, სემინარის ერთ–ერთ კომპონენტს ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ასეთი სახის შეხვედრები ტარდება რეგიონებსა და თბილისში. ტრენინგზე მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანები და ასევე დასაქმების მაძიებელი ქალბატონები, რომლებიც დღევანდელი შეხვედრიდან მიიღებენ ინფორმაციას შრომითი უფლებების შესახებ“, – განუცხადა knews.ge-ს ლარისა ლიპატელიანმა.
ფსიქოლოგის თამარ თუშიშვილის თქმით, შრომის პირობები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში რადიკალურად განსხვავდება, ამიტომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს.
„ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია იმის გაგება, თუ რისი უფლებები მაქვს მე როგორც დასაქმებულს, რადგან არ მოხდეს ჩემი შრომითი უფლებების შელახვა დამსაქმებლის მიერ. ამიტომ მინდა დეტალური ინფორმაცია მივიღო, თუ რა სიახლეები და ცვლილებია საქართველოს შრომის კოდექსში“, – აღნიშნა თამარ თუშიშვილმა.