ახალი ამბები

ახმეტის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

სამუშაოების ფარგლებში, მოხდება არსებული რეზერვუარის, სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური ქსელების რეაბილიტაცია. ასევე, ახალი საქლორატორო სადგურის მშენებლობა.
როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ამორტიზირებული ქსელის გამო ახმეტის მოსახლეობას წლების განმავლობაში წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, 7000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. 
წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს.

სამშენებლო სამუშაოებისათვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროკავშირმა 8 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. პროექტი 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
ახმეტაში მიმდინარე სამუშაოები დღეს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ, კახეთის გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან ერთად დაათვალიერა და ობიექტზე არსებულ ვითარებას გაეცნო.