ახალი ამბები

საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობა დაბალია

მათი თქმით, აუცილებელია წახალისებული იქნას ახალგაზრდების მონაწილეობა მათზე გავლენის მქონე პოლიტიკის შემუშავების პროცესში თანატოლებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად. 
ახალგაზრდების აქტიურობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია „ჩვენ ვქმნით საკუთარ მომავალს“ გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუდენტები, საშუალო სკოლების მოსწავლეები, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრები, ადგილობრივი თვითმმრთველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პედაგოგები, ჟურნალისტები და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წევრები. 
შეხვედრაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა მაია ფურცხვანიძემ მონაწილეებს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 2015 წელს ჩატარებული ახალგაზრდების ეროვნული კვლევის შედეგები გააცნო.

,,მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების უმეტესობას საქართველოში სჯერა, რომ უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ისეთ საკითხებზე, რომლებიც მათ ეხებათ, ბოლო 12 თვის მანძილზე ახალგაზრდების მხოლოდ 10.9% მონაწილეობდა მსგავს აქტივობაში. 65% თვლის რომ გადასახადების გადახდა და არჩევნებში მონაწილეობა არ წარმოადგენს მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, შესაბამისად 20%-ზე მეტი არ მონაწილეობს არჩევნებში და თუ მონაწილეობს, გადაწყვეტილებას არაინფორმირებულად იღებს,”– განუცხადა Knews.ge-ს მაია ფურცხვანიძემ.

,,ახალგაზრდა სოციალისტების” თავმჯდომარის, სალომე ადამიას თქმით, ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები საგანგაშოა.

,,სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშაოს და განახორციელოს ეფექტური სახელმიწფო პოლიტიკა ახალგაზრდებისა და ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში. მოზარდების და ახალგაზრდების წინაშე ბევრი ისეთი პრობლემა დგას, როგორებიცაა უმუშევრობა და თვითრეალიზაციის შეზღუდული შესაძლებლობა, რაც ხელს უშლის მათ ღირებულ, პროდუქტიულ და დამოუკიდებელ ადამიანებად იგრძნონ თავი,“ – განაცხადა სალომე ადამიამ. 
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, არსებული პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე და ამ პრობლემების დაძლევის გზებზე  საზოგადოებრივი დისკუსიის წამოწყება მნიშვნელოვანია.
„აუცილებელია წახალისებულ იქნას ახალგაზრდების მონაწილეობა მათზე გავლენის მქონე პოლიტიკის შემუშავების პროცესში თანატოლებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად. აუცილებელია წახალისებული იქნას ახალგაზრდების პოლიტიკური აქტივობა და არ მოხდეს სიტყვა „პოლიტიკის“ დემონიზება. ეს თავისთავად ხელს შეუწყობს გაიზარდოს ახალგაზრდების ცნობიერება პოლიტიკურ პროცესებზე და დაამკვიდრებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების კულტურას“– განუცხადა kNEWS.GE-ს ფრიდრიხ ებერტის ფონდის ახალგაზრდული კვლევების პროექტის ხელმძღვანელმა მაკა ჯავახიშვილმა.