ახალი ამბები

ენმ კახეთში ფულის გათეთრებისა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაზე საუბრობს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სოფლის მეურნეობის სამინისტროში თაღლითურ სქემაზე და კახეთში ფულის გათეთრებისა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაზე საუბრობს. პარტიის ერთ–ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, სახელმწიფო აგროდაზღვევით გლეხებისთვის გათვალისწინებულ 14 მილიონ ლარს კონკრეტულ კომპანიებზე ათეთრებს. 

“სოფელ მანავში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ძველ ანაგაში, ტიბაანში, ნუკრიანში, მაღაროში მოხდა სტიქია, გლეხები დაზარალდნენ. აღმოჩნდა, რომ გლეხებს სადაზღვეო ხელშეკრულება, რომელიც ჰქონდათ დადებული ერთი წლის ვადით, თურმე ორი კვირის ვადით მოქმედებდა მხოლოდ და მხოლოდ. გლეხი დარჩა მოტყუებული და 14 მილიონი ლარი გადანაწილდა კონკრეტული ჩინოვნიკების და სადაზღვეო კომპანიის ანგარიშებზე და ჯიბეებში,“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.   

პარტიის წევრები მოითხოვენ, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დროულად დაიწყოს. ბეჟაშვილის თქმითვე, სახელმწიფოს მიერ მოსახლეობის წინაშე გარანტად წარდგენილმა კომპანიამ „აი სი ჯგუფმა“, სასესხო ფინანსური ვალდებულებები ისე დააკისრა მოსახლეობას, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ლევან ბეჟაშვილის თქმით, სახელმწიფო სახსრების მითვისების მიზნით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა გამოყენებული იქნა იარაღად, საიმისოდ რომ ცალკეულ პირებს მიეთვისებინათ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები.
საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის საააგენტომ, სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფმა“ და შპს „ეი ბი კონსალტინგმა“, მოსახლეობის განხრაზ შეცდომაში შეყვანის ხარჯზე, წინასწარ დაგეგმეს და შეიმუშავეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო სახსრების მითვისების სქემა, რაც სისრულეში მოიყვანეს დოკუმენტურად. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს, მთავარმა პროკურატურამ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს „აგროდაზღვევის“ სპეციალური სახელმწიფო პროგრამის განხორციელების კანონიერების საკითხი, გამოავლინოს დანაშაულებრვი ჯგუფის ბრალეული პირები, მისცეს ისინი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში და დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სადაზღვევო თანხების მიღებაში“, – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.