სტატიები

ოთარ დანელია ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა-სტაბილურობა, განვითარება და მრავალფეროვნება“ ესწრება

კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ და გლობსეკის პოლიტიკის ინსიტიტუტის (GLOBSEC Policy Institute) საპატიო თავმჯდომარემ,  რასტისლავ კაჩერმა გახსნეს. კონფერენციის მონაწილეეებს სიტყვით მიმართეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან,  ოთარ დანელიასთან,  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, დავით ბაქრაძესთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან და საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორთან, ნილს სკოტთან ერთად  აჭარის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გახსნილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაათვალიერებს.

მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა – სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება“  ბათუმში,  14-15 ივლისს იმართება.  კონფერენცია ევროპულ საკითხებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ყოველწლიური კონფერენცია  საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.