“ისლამურმა სახელმწიფომ” პანკისელი თარხან ბათირაშვილის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა
“AMAQI”-ის ცნობით, ალ-შიშანის სახელით ცნობილი ბათირაშვილი ერაყის ქალაქ მოსულთან მდებარე დასახლებულ პუნქტ შირკატში საბრძოლო მოქმედებებს შეეწირა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დაქვემდებარებაში მყოფი საინფორმაციო საშუალებები ომარ ალ-შიშანის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ. პანკისელი ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციის შესახებ ცნობები მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა. გასული წლის დეკემბერში რუსული მედია იტყობინებოდა, რომ ამერიკელმა სპეცრაზმელებმა თარხან ბათირაშვილი ერაყის ქალაქ კირკუკში დააკავეს.
თარხანი საქართველოს მოქალაქე იყო. ის “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. ალ-შიშანი ე.წ. ომის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.
ბათირაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეა. კონფლიქტის შემდეგ, ის საქართველოში იარაღის უკანონო შენახვისთვის გაასამართლეს. 16-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 2012 წელს, სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო.
1986 წელს დაბადებული აბუ ომარ ალ-შიშანი აშშ-ის მიერ ძებნილ პირთა სიაში იყო. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ ვაშინგტონს 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ალ-შიშანი “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის აბუ ბაქარ ალ-ბაღდადის მთავარ მრჩევლად ითვლებოდა.