ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდა
როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, ნაგავსაყრელის პრობლემა, რომელიც ქალაქს ათწლეულების მანძილზე აწუხებდა საბოლოოდ გადაიჭრა. უწყების ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 445 220 ლარი შეადგინა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა.
,,ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი სადგური, რომელიც არსებული არასახიფათო ნარჩენების საიზოლაციო გრუნტით არის გადაფარული. ასევე მოეწყო სამეურნეო ზონა, პოლიგონის შიდა გზები და წყალარინების არხები. განახლებული ღობე ტერიტორიას იზოლირებულს ხდის. განხორციელებულმა პროექტმა საბოლოოდ გადაჭრა ყველა ის არსებული პრობლემა, რომელიც ნაგავსაყრელების თემას უკავშირდებოდა. ამჟამად მუნიციპალიტეტის ყველა სოფლიდან ყოველდღიურად 16-18 კუბური მეტრი მყარი ნარჩენები დახურულ ნაგავსაყრელზე სანიტარული ნორმების დაცვით შედის,”– განაცხადეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოწესრიგდა.