კახეთში წარმოებული კენკროვანი კულტურების პოტენციალი იზრდება
კენკროვანი კულტურების (უეკლო მაყვალი, ჟოლო) დარგის განვითარების რეგიონული სამუშაო შეხვედრა USAID/REAP საქართველოს წარმომადგენლობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გურჯაანში პირველად შედგა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარების პერსპექტივებზე პრეზენტაცია წარმოადგინა და რეგიონებში არსებულ პოტენციალზე ადგილობრივ ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ფერმერებს აგრობიზნესის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები გააცნო.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და კენკროვან კულტურებზე საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ მზარდ მოთხოვნაზე.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი ხელისუფლების და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები, ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივ ბაზარზე კენკროვან კულტურებზე მოთხოვნა ბევრად აღემატება მიღებულ მოსავალს, შესაბამისად, ფერმერებს საშუალება აქვთ გააფართოონ საკუთარი მეურნეობები და გაზარდონ წარმოება.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გურჯაანში კენკროვანი კულტურების პლანტაციები დაათვალიერეს. ფერმერებს საშუალება ჰქონდათ იზოლდა ქიტესაშვილის უეკლო მაყვლის აგრო მეურნეობა ადგილზე ენახათ. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.