საინიციატივო ჯგუფიდან თელავის დეპუტატობის კანდიდატი ვასილ კევლიშვილია
როგორც knews.ge-ს კევლიშვილმა განუცხადა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყურადღებას გაამახვილებს კანონის უზენაესობაზე, ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაზე და სხვა საკითხებზე. იგი მოსახლეობასთან პერმანენტულ შეხვედრებს გეგმავს.
„რადგან ყვარელი 27-ე საარჩევნო ოლქში გაერთიანდა, საჭიროდ მივიჩნიე, ყვარლის მოსახლეობას შევხვედროდი. ისინი ჩემი პოტენციური ამომრჩევლები არიან. ჩემი საარჩევნო პროგრამა ეროვნული ხასიათისაა და ეს სიმბოლურიც არის, რომ შეხვედრა სწორედ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გავმართეთ,“ – განუცხადა knews.ge-ს ვასილ კევლიშვილმა. საინიციიტივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ნანა შოშიაშვილის განცხადებით, ვასილ კევლიშვილი პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიხედვით შეარჩიეს.
„თუ ვასილი გაიმარჯვებს, პარლამენტში სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანი მოხვდება, რომელსაც ნამდვილად უყვარს საქართველო და პატივს სცემს ეროვნულ ღირებულებებს. მჯერა, ეს ადამიანი სხვებისგან განსხვავებით არ იფიქრებს საკუთარ ჯიბეზე და სამშობლოს სამსახურში იქნება“, – განაცხადა ნანა შოშიაშვილმა.
2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2016 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი რჩება, თუმცა არსებითად შეიცვალა საარჩევნო ოლქების საზღვრები. ერთი საარჩევნო ოლქის საზღვრებშია გაერთიანებული ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის, თელავის თემის სოფლების აკურის, კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, ქვემო ხოდაშნის, შალაურის, წინანდლისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარლის, სოფელ შილდის, ენისლის, საბუისა და გრემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები.