ახალი ამბები

ქალაქ თელავში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყო

როგორც თელავის ვიცე მერმა, თენგიზ მთვარელიშვილმა knews.ge-ს განუცხადა, სპეციალური კომისია ინფრასტრუქტურული კუთხით მიყენებულ ზარალს შესწავლის, ხარჯთაღრიცხვას შეადგენს და გადახდილი კორპუსების გადახურვის სამუშაოები დღესვე დაიწყება. გუშინ ძლიერმა ქარმა თელავში ალაზნის გამზირსა და კავკასიონის ქუჩაზე ორ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. 

,,ქარმა თელავში ალაზნის გამზირზე აღმაშენებლის #11-ში მდებარე საერთო საცხოვრებელს მთლიანად გადახადა სახურავი. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კავკასიონის #37 ნომერში მდებარე კორპუსს კი ნაწილობრივ გადახადა სახურავი. შესაბამის სამსახურებს უკვე მიცემული აქვთ დავალებები, მათ შორის რწმუნებულებს, რათა თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ვითარება შეისწავლონ, წარმოადგინონ მოხსენებითი ბარათი, რომ მის მიხედვით ვიმოქმედოთ. პარალელურ რეჟიმში ჩვენ გვაქვს აქტიური მოლაპარაკება შესყიდვების სააგენტოსთან, რომ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით დღესვე დაიწყოს სამუშაოები. ახლა მიმდინარეობს ხარჯთაღრიცხვის ნაწილის დამუშავება, რომ დავადგინოთ მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა. მოსახლეობას ძალიან მალე აღვუდგენთ იმ ზარალს, რაც მიადგათ,’’- განუცხადა Knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.