TI – კახეთის მაღალჩინოსანთა ნაწილის ქონებრივ დეკლარაციებში კანონდარღვევები გამოვლინდა
მესამე სექტორის მტკიცებით, თვიმმართველი ერთეულების მაღალჩინოსანთა ნაწილს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად აქვს შევსებული, რაც სისტემური პრობლემაა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგიერთი თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საჯარო რეესტრში არსებულ ინფორმაციას არ შეესაბამება.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ თელავის ოფისის კოორდინატორი, ზურა მირზიკაშვილი კვლევის შედეგად მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ კანონდარღვევის კონკეეტულ შემთხვევებზე ამახვილებს ყურადღებას. ის განმარტავს, რომ ხშირ შემთხვევაში, თანამდებობის პირებს არ აქვთ მითითებული მათ სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ქონება, ძირითადად, მიწის ნაკვეთები. მირზიკაშვილი მიუთითებს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის “დ” პუნქტის დარღვევას. კანონის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში უნდა შევიდეს პირის, მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
,,ჩვენი მუშაობის შედეგად გამოვლინდა საკმაოდ ბევრი დარღვევა. ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჯემალ შავერდაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული 15-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. ყვარლის საკრებულოს სივრცით, ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე აკაკი სეფაშვილის მიერ შევსებულ დეკლარაციაში არ არის ინფორმაცია მის სახელზე რეგისტრირებული 8 მიწის ნაკვეთის შესახებ. ყვარლის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ პაატა ნიორაძემსაგარეჯოს მუნიციპალიტეტის სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის ელდარ მეფარიძის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული მონაცემები არ შეესაბამება რეესტრში დარეგისტრირებულ ქონებას. ელდარ მეფარიძის მიერ დეკლარირებული ქონება საჯარო რეესტრში არ იძებნება. 7 მიწის ნაკვეთი დეკლარაციაში არ შეიტანა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გივი გიგაურმა. ქალაქ თელავის მერის მოადგილემ ლევან ლილუაშვილმა კი დეკლარაციაში არ მიუთითა მის საკუთრებაში არსებული 6 მიწის ნაკვეთი. ეს ამ მუნიციპალიტეტეში გამოვლენილი დარღვევების არასრული ჩამონათვალია. დანარჩენ თვითმმართველ ერთეულების თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ნაწილში გამოვლენილი დარღვევბი მსგავსია’’, – განუცხადა Knews.ge-ს ზურა მირზიკაშვილმა.
კვლევაში აღნიშნულია, რომ კახეთის რეგიონში მომუშავე რამდენიმე თანამდებობის პირი ამ დრომდე მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში, რაც კანონმდებლობის დარღვევაა. საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირს ეკრძალება რომელიმე საწარმოში რაიმე თანამდებობის დაკავება. აღნიშნული დარღვევების მაქსიმალურად შემცირების მიზნით კერძო სექტორი ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლებს თანამშრომლობას და რეკომენდაციებს სთავაზობს.
,,საერთაშორისო გაჭვირვალობა საქართველო’’ თვითმმართველი ერთეულების თანამდებობის პირებს მოუწოდებს, ქონებრივი დეკლარაციების შევსების დროს ზუსტი მონაცემები სრულყოფილად და დროულად შეიტანონ.
„აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევა კახეთის რეგიონში არ ჩატარებულა და ჩვენი მუშაობის შედეგი ალბათ იქნება ის, რომ დეკლარაციებში ეს ინფორმაცია ჩასწორდება ან თანამდებობის პირები მომავალი წლის დეკლარაციებს ზუსტად და ყურადღებით შეავსებენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2017 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურის ბიურო იღებს პასუხისმგებლობას ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ კუთხით მდგომარეობას,’’– განაცხადა ზურა მირზიკაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია მუნიციპალიტეტებს ურჩევს, გააძლიერონ პრევენციული მექანიზმები და მონიტორინგი შესაძლო კორუფციული გარიგებების თავიდან ასაცილებლად, რათა არ დაუშვან რაიმე ტიპის ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას.