სტატიები

ვაზისუბანში 2 წლის წინ გარდაცვლილის ოჯახი ცხედრის დაბრუნებას ითხოვს

ადგილობრივების ინფორმაციით, 2014 წლის 17 ივლისს 79 წლის ანზორ ღარიბაშვილი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამთვიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად სამართალდამცავებმა, მაშველებმა და ადგილობრივი მოსახლეობამ მოხუცის სხეულის ნაწილებს სოფელ „გოგნაანში“ არსებული საცდელი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს. გარდაცვლილის შვილი ნონა ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ დაკარგული მოხუცი ჯერ გაქურდეს, შემდეგ მოკლეს და უპატრონოდ მიტოვებული ერთ-ერთმა მტაცებელმა ცხოველმა შეჭამა.

პოლიციამ ანზორ ღარიბაშვილის ნეშტი იდენტიფიცირების მიზნით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გააგზავნა, თუმცა ოჯახი ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ინფორმირებული არ არის. ღარიბაშვილების მტკიცებით, ოჯახს გარდაცვლილის ცხედარს 2 წელია არ უბრუნებენ. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, თუმცა საქმე დღემდე გახსნილი არ არის. 

„ამდენი ხანი ჯერ დაკარგული გვყავდა, შემდეგ ასეთ საშინელ მდგომარეობაში ვიპოვეთ. ხომ ამოვიცანით კბილებით, კიდევ რაღა იდენტიფიკაცია უნდოდა ? მაშინ როგორც გვითხრეს, პასუხი ერთი თვის შემდეგ იქნებაო, მაგრამ ახლაც არ არის. მდღემდე არ ვიცით, მიცვალებულის ნეშტი სად არის. აღარ ვჩივით ვინ მოკლა, როგორ მოხდა, როგორ დაიღუპა, აღარაფერს აღარ ვითხოვთ, დავიღალეთ ამდენი სიარულით და ძებნა-ძიებით, ერთს მოვითხოვთ, მოგვცენ საშუალება მიცვალებული დავკრძალოთ“, – განუცხადა knews.ge-ს გარდაცვლილის შვილმა ნონა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილების ოჯახმა ორი წლის წინ დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. როგორც knews.ge-ს ადამიანის უფლებათა ცენტრის გურჯაანის ოფისის კოორდინატორმა ლია ხუროშვილის განუცხადა, 2014 წელს მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად მოხუცის ნეშტი ჯერ გურჯაანის სამმართველოში, შემდეგ კი ლევან სამხარაულისა ექსპერტიზის ბიუროში წაიღეს, საქმე კი პოლიციას დღემდე არ გამოუძიებია. ხუროშვილი სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

,,პოლიციას უმოქმედობაში ვადანაშაულებთ, იმიტომ რომ მათ ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოხუცის ნეშტი ოჯახს არ გადასცეს, რომ დაეკრძალათ. ოჯახს, ასევე, არ აქვს ინფორმაცია საქმეზე რა პროცედურები ჩაატარეს. მათ მხოლოდ უთხრეს, რომ საჭირო იყო ცხედრის ექსპერტიზაზე წაღება, ამის შემდეგ მათ არანაირი ინფორმაცია აღარ აქვთ’’,- განუცხადა knews.ge-ს ლია ხუროშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 115 მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გიორგი მღებრიშვილის უწყება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.