თელავში პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს” პრეზენტაცია გაიმართება
პრეზენტაციაზე დასწრება და პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია.
პროგრამა საქართველოს მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შემუშავდა და იგი საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასულ კვირას წარუდგინა.
„სტარტაპ საქართველო“ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეა, თუმცა, არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობები, ბიზნესის დაწყების შანსს აძლევს.
პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო გამოყოფს 11 მილიონ ლარს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.
პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ან პირთა ჯგუფი, რომელსაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული, პერსპექტიული და მდგრადი ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება.
საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 40%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესძლებლობა, გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.