სტატიები

თელავში ტექნოლოგიური პარკის მინიმოდელი აშენდება

თელავის მაჟორიტარმა დეპუტატი გელა სამხარაული მსგავსი ტიპის ინოვაციური მოდელების არსებობას რეგიონის განვითარებისათვის იუპრეცედენტო მოვლენად აფასებს. როგორც knews.ge-ს სამხარაულმა განუცხადა, ტექნოპარკი რეგიონში ინოვაციურ იდეებს პრაქტიკაში განახორციელებს. 
„ტექნოლოგიურ პროცესებში ჩართვა და მსგავსი ტიპის სიახლეების დანერგვა არის თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრების ტემპი. ამ გამოცდილებების შესწავლა და გაზიარება ვითარების გაჯანსაღებასთან ერთად დადებს საკმაოდ შთამბეჭდავ ეკონომიკურ შედეგს. განვითარების ეს ვექტორი მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიური ფაქტორი ბიზნესზე ერთ-ერთი, არსებითად მოქმედი ფაქტორია, რომლითაც მართლაც შესაძლებელია პრაგმატულ მომავალზე ორიენტირება. ტექნოლოგიური პარკი არის ადგილი, სადაც ნებისმიერს შეუძლია იდეა აქციოს რეალობად და რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება, როგორც იდეების, ასევე ეკონომიკური მიმართულებით. ინოვაციური ლაბორატორიის გამოყენება რეალურად არის ბიზნესის განვითარების საშუალება. შევეცდებით, მასქიმალურად დაჩქარებულ დროში განვახორციელოთ ეს იდეა“, – განუცხადა knews.ge-ს გელა სამხარაულმა. 
თელავის მერი ტექნოპარკის უპირატესობაზე ამახვილებს ყურადღებას. პლატონ კალმახელიძე განმარტავს, რომ პროექტის განცხორციელების შემდეგ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, შექმნან პროდუქტი და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მომხმარებელს მიაწოდონ.
,,ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, შექმნან პროდუქტი და მიუხედავად ლოკაციისა, მიაწოდონ მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოში ავითარებს ფაბლაბებსა და ტექნოპარკის მინიმოდელებს. გამოვთქვი სურვილი, რომ თელავში აღნიშნული პროექტი განგვეხორციელებინა, რის შემდეგაც გარკვეული ნაბიჯები გადავდგით“, – განუცხადა knews.ge-ს კალმახელიძემ. 
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე საუბრობს საზოგადეობის ჩართულობის აუცილებლობაზე და მიუთითებს, რომ რეგიონალური ინოვაციური ლაბორატორიები, მხოლოდ ინფრასტრუქტურით, სწავლებებიით, ვორქშოფებითა და სემინარები არ შემოიფარგლება.
,,ხალხი მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. მთავარია, თითოეულმა ადამიანმა, იქნება ის თელავში, თუ სხვაგან იცოდეს, რომ დღეს მას ბევრად მარტივად შეუძლია აწარმოოს ბიზნესი“, – აღნიშნა კასრაძემ. 
შეგახსენებთ, რომ პირველი ტექნოლოგიური პარკი საქართველოში მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა.