დედოფლისწყაროში 38 წლის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
,,დედოფლისწყაროს საათის” ინფორმაციით, შემთხვევამდე მამაკაცი ეზოში ბუნებრივი აირის მილს ელექტროშემდუღებლით ადუღებდა და დენმა დაარტყა.
,,სადაც მილს ადუღებდა, იქვე ახლოს მაღალი ძაბვის ელექტროსადენები გადის, ალბათ ვერ დაინახა, ან რაღაც ვერ გათვალა და თავისდაუნებურად შეეხო სადენებს“, – განაცხადეს გარდაცვლილის მეზობლებმა.
სოფელ ოზაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის აარონ მოსულიშვილის განცხადებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლო.
,,დენის დარტყმის შემდეგ, თვითონ უცდია წამოდგომა, უთქვამს, მგონი, გადავრჩიო, მაგრამ, სამწუხაროდ, შემთხვევა სავალალო შედეგით დასრულდა“, – განაცხადა აარონ მოსულიშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველო აწარმოებს.