ახალი ამბები

სოფელ დუზაგრამაში საგარეჯოს გამგებლის წარმომადგენელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

როგორც knews.ge–ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა განუცხადა, მუხტარ ისმაილოვმა საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსში ვერ გადალახა ტესტირების ეტაპზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რის გამოც ის დაკავებული პოსტიდან გათავისუფლდა.
„მუხტარ ისმაილოვმა ვერ გადალახა 31 ქულიანი ზღვარი საჯარო მოხელეთა ტესტირებაში და ამის გამო ის ამ თანამდებობაზე ვეღარ იმუშავებს“, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი გზირიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ივნისს, დუზაგრამას მაცხოვრებლების ნაწილმა აქცია გამართა და სოფელში გამგებლის წარმომადგენლის გადადგომა მოითხოვა. მათ ისმაილოვი თანასოფლელის სეიმურ ნიაზოვის ცემაში დაადანაშაულეს. დაზარალებულის ოჯახის წევრების განცხადებით, სოფელ დუზაგრამის რწმუნებულმა ნიაზოვს ბლაგვი საგნით თავში ჭრილობა მიაყენა. ადგილობრივებმა სოფელში გამგებლის წარმომადგენელი მიწების უკანონოდ გასხვისებასა და დოკუმენტების გაყალბებაშიც ამხილეს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის ბრალდებები ისმაილოვის გათავისუფლებასთან კავშირში არ არის.
მუხტარ ისმაილოვი სოფელ დუზაგრამაში გამგებლის წარმომადგენლად 2014 წელს დაინიშნა.