თესაუს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი მაგდა დავითაშვილი გახდა
20 ხმით 9-ის წინააღმდეგ ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა დეკანის თანამდებობაზე პროფესორის მაგდა დავითაშვილის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. როგორც knews.ge-ს დავითაშვილმა განუცხადა, კახეთის დაცულ ტერიტორიებთან დადებული მემორანდუმების ფარგლებში გეგმავს ერთობლივი სასწავლო-კვლევითიპროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა ცოდნის გაღრმავებას. მისივე თქმით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ყველა დარგი ექსპერიმენტულია და აქედან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროგრამებში მნიშვნელოვანი წილი საველე პრაქტიკებსა და ლაბორატორიული მეცადინეობეს დაეთმობა.
“პრაქტიკული კურსები ყველაზე ძვირადღირებულია, რადგან მოითხოვს ლაბორატორიებს, ძვირადღირებულ აპარატურას, ექსპედიციების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. მეორე მხრივ, ლაბორატორიული მეცადინეობები და საველე პრაქტიკები სტუდენტს უვითარებს საკვანძო კომპეტენციებს, როგორიცაა: ჯგუფში მუშაობის უნარი, პრობლემის გადაჭრა, ურთიერთობა კოლეგებთან, ავითარებს სპეციფიკურ დარგობრივ ცოდნას და უნარებს. ამდენად, მიუხედავად სირთულეებისა, საგანმანათლებლო პროგრამებში უნდა გავაძლიეროთ ლაბორატორიული მეცადინეობებისა და პრაქტიკის წილი, რაც აუცილებლად აამაღლებს სწავლის ხარისხს. ყველანაირად ვეცდები, ფაკულტეტზე არსებული კაბინეტ-ლაბორატორიები უკეთ აღიჭურვოს და განვითარდეს. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ საგრანტო პროექტებზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და მოვიძიოთ თანხები ზემოთ აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად”, – განუცხადა knews.ge-ს მაგდა დავითაშვილმა.
ახალი დეკანი ინფორმაციული ტექნოლოგიების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღდგენასაც გეგმავს.
თესაუს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში ორი კანდიდატი – პროფესორი მაგდა დავითაშვილი და პროფესორი თეა მჭედლური მონაწილეობდა. ფაკულტეტს ამ დრომდე მჭედლური ხელმძღვანელობდა.