„თელავის დღე საქართველოს პარლამენტში“ – პარლამენტში გამოფენა გაიხსნა
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერმწერთა და თელავის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა, ასევე, ნაფარეულის სახელოსნოების წარმომადგენელთა ათეულობით ნამუშევარი: ფერწერული ტილოები, ფოტოექსპონატები და ხალხური რეწვის ნიმუშები. გამოფენის გახსნას საქართველოს პარლამენტის წევრები, თელავის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და გელა სამხარაულის მოწვევით, სპეციალური სტუმრის სტატუსით, თელავის მუნიციპალიტეტის მზრუნველობას მოკლებული, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ესწრებოდნენ.
გამოფენა თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. სამხარაულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის ისტორიაში ეს დღე იქნება განსაკლუთრებული.
„ამ დარბაზს ბევრი განსაკუთრებული წუთი ახსოვს და ვფიქრობ, რომ ეს დღეც განსაკუთრებული იქნება პარლამენტის ისტორიაში, სადაც თავი მოიყარა ერთად ამდენმა ნიჭიერმა ადამიანმა. თელავი ყოველთვის გამოიჩევა თავისი კულტურით, საზოგადოებით, ხელოვნების სიყვარულით“, – განაცხადა თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა.
როგორც knews.ge-ს გელა სამხარაულმა განუცხადა, დიდი ხნის განმავლობაში გამოფენის მოწყობა ქალაქ თელავში სურდა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო მსგავსი ღონისძიების ჩატარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რადგან ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს.
„ასეთი გამოფენის მოწყობის სურვილი ადრევე გამიჩნდა, ვინაიდან თელავში შესაბამისი ინფრასტრუქტურა დიდი ხანია არ არსებობს, ყოფილი სამხატვრო გალერიის შენობა დანგრეულია. ვაშენებთ ახალ მუზეუმს, სადაც გათვალისწინებული იქნება დარბაზები მხატვართა ნამუშევრების გამოფენებისათვის, თუმცა ეს შენობა მხოლოდ წლის ბოლოსთვის დასრულდება, ამიტომ მოვიფიქრეთ, მიგვეცა მათთვის შესაძლებლობა, რომ მათი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას პარლამენტის კედლებიდან გაეცნო“, – განუცხადა knews.ge-ს გელა სამხარაულმა გელა სამხარაულმა.
თელავის მერმა მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა საქართველოს უმაღლეს საკანონომდებლო ორგანოში თელაველი ხელოვანებისა და ქალაქის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა გამოფენის გახსნა. პლატონ კალმახელიძე ფიქრობს, რომ მსგავსი ღონისძიებები ქალაქის კულტურულ ცენტრად გადაქცევას შეუწყობს ხელს.
„ჩვენ ვართ სწორედ იმ შენობაში, სადაც ხალხის რჩეულები იყრიან თავს. მნიშვნელოვანია, ამ ადამიანებმა იცოდნენ ჩვენი ქალაქის კულტურული პოტენციალი და შემდგომში ერთად ვიფიქროთ როგორ შევუწყოთ თელავის განვითარებას ხელი, თუნდაც ამ მიმართულებით, მათთან ერთად“, – განუცხადა knews.ge-ს კალმახელიძემ.
საპრალემენტო უმრავლესობის ლიდერმაც ისაუბრა ღონისძიების მნიშვნელობაზე. როგორც knews.ge-ს ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, საქართველოს პარლამენტში ასეთი მასშტაბური და მრავალმხრივი კულტურული ღონისძიების ჩატარება თელაველ ხელოვანებს მოტივაციას კიდევ უფრო გაუზრდის.
„თელავი კულტურული ღირებულებით ყოველთვის გამოირჩეოდა. დრამატურგია, თელავის თეატრი, მხატვრები და ა.შ. ეს თელავის სიმდიდრეა. საქართველოს პარლსამენტში ამგვარი ღონისძიება უფრო მეტ იმპულს მისცემს ამ ხალხს, წაახალისებს მათ, რათა მომავალშიც გააგრძელონ ეს საქმიანობა“, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
შეკრებილ საზოგადოებას, თელაველ ხელოვანებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმაც და მათ შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.
გამოფენა პარლამენტში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 22 ივნისს დაიხურება.