ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში ტურისტული სეზონი გაიხსნა

როგორც knews.ge-ს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სულამანიძემ განუცხადა, შარშანდელთან შედარებით წელს ტურისტების რიცხვის გაზრდას ელოდებიან.
სულამანიძის თქმით, მიმდინარე წელს ნაკრძალი 10 000-მდე ვიზიტორს მოემსახურება. 
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს სთავაზობს 5 ტურისტულ მარშრუტს, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანზეა გათვალისწინებული. 
,,ლაგოდეხში ახლა იწყება ტურისტული სეზონი, პიკი ივლისი- აგვისტოში იქნება და ოქტომბრამდე გაგრძელდება. დასაწყისი კი საკმაოდ სტაბილურია. მიმდინარე წელს 10 000 ვიზიტორს მოვემსახურეთ. მათი რიცხვის აღრიცხვა მიმდინარეობს სამი საინფორმაციო ცენტრის, ლაგოდეხის, გურგენიანისა და მაწიმის მეშვეობით. ტურისტების რიცხვი ბოლო წლებში გაიზარდა რუსეთიდან და პოლონეთიდან. ახალ სეზონზე ბევრ ტურისტს ველოდებით”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ. 
მისივე განცხადებით, საშუალო სირთულის ნინოსხევის 40 მეტრიანი წყალვარდნილი და როჭოს ჩანჩქერის მარშრუტი ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
“ვიზიტორების ყურადღებას განსაკუთრებით შავი კლდეების ტბა იქცევს. ეს ერთ-ერთი ულამაზესი მარშრუტია საქართველოში. ამის ფარგლებში ტურისტი სამი დღის და ორი ღამის განმავლობაში სპეციალური ბილიკით გადის ყველა ბიოგეოგრაფიულ ზონას, რაც დაცულ ტერიტორიებში გვაქვს. აღნიშნულ მარშრუტში სიახლე შევიტანეთ. ადრე ბილიკი იყო ხაზობრივი და ადამიანები რომელ გზასაც აივლიდნენ იმ გზით უნდა დაბრუნებულიყვნენ. წელს ჩვენი დიდი შრომის შედეგად გადაკეთდა წრიული მარშრუტი, რაც მთლიანობაში 9 კილომეტრით შეამცირებს აღნიშნულ გზას. გარდა ამისა, ეს სანახაობის კუთხითაც იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ახალი მონაკვეთი დაემატა ბილიკს. ვფიქრობთ ეს წლის საუკეთესო შეთავაზება იქნება ტურისტებისთვის,’’- განუცხადა knews.ge-ს სულამანიძემ.