ახალი ამბები

ლაგოდეხის მთებში 8 ივნისს ნაპოვნი ცხედრის ჩამოსვენება ვერ ხერხდება

როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ცხედრის ჩამოსვენება უამინდობისა და რთული რელიეფის გამო ვერ ხერხდება. უწყების ინფორმაციით, ამინდი გაუმჯობესდა და გარდაცვლილს უახლოეს მომავალში ჩამოასვენებენ. 
„გუშინ მთებში ძლიერი სეტყვა იყო. რთული რელიეფური მდგომარეობაა და ამის გამო ცხედრის ჩამოსვენებას ვერ ვახერხებთ. პროცესი არ შეჩერებულა და გადმოსვენებას უახლოეს საათებში ველოდებით“, – განუცხადეს knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის მთებში ადგილობრივებმა კიდევ ერთ ცხედარი 8 ივნისს იპოვეს. მოსახლეობის ინფორმაციით, გარდაცვლილი სამი თვის წინ გაუჩინარებული მონადირეებიდან ერთ-ერთია, რომელიც ადგილობრივებმა ტანსაცმლით ამოიცნეს. ლაგოდეხის მთებში მამაკაცის ცხედარს 2 ივნისსაც მიაგნეს. გარდაცვლილი უამინდობის გამო 4 ივნისს ჩამოასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა გარდაცვლილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. 
ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები 26 წლის ლევან ჯალალოვი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის მკვიდრ ავთო და დათო სამხარაძეებთან ერთად ლაკოს ხეობაში სანადიროდ 2015 წლის 28 დეკემბერს წავიდა. სამი მონადირის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის 3 იანვარს გავრცელდა. 7 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკარგული მონადირეები დაღესტნის ტერიტორიაზე დააკავეს. ეს ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამაც დაადასტურა, თუმცა 8 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკარგული მონადირეების დაკავების შესახებ ინფორმაცია უარყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ტყეში დაკარგულ მონადირეებს ხუთი თვის განმავლობაში ეძებდა. სამძებრო სამუშაოები 19 მაისს შეწყდა.