ახალი ამბები

“ნაციონალურმა მოძრაობამ” თელავსა და გურჯაანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი, ხოლო გურჯაანის გიორგი ღვინიაშვილი იქნება. კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ წარადგინა.
როგორც knews.ge-ს ბაქრაძემ განუცხადა, დეპუტატობის კანდიდატები შეირჩნენ მათი პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიხედვით და ისინი არსებული პრობლემების მოგვარებაზე არიან ორიენტირებულები.
,,ჩვენ მიერ დასახელებული დეპუტატობის კანდიდატები იზრუნებენ ხალხზე. ისინი მოწოდებულები არიან, დაეხმარონ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში. დღეს ხალხი არის მიტოვებული უპატრონოდ და არავინ არ არის მომკითხავი. ეს განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა და სწორედ ეს იქნება ამოცანა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის, რომ საკუთარი თანადგომით, ცოდნით, პატრიოტიზმით, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ადამიანებს ჰყავდეთ გულშემატკივარი. დარწმუნებული ვარ ჩვენ შევარჩიეთ ისეთი გუნდი, რომელიც შეძლებს თელავშიც, გურჯაანშიც და მთელს კახეთშიც ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის წინსვლისთვის,”- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თელავში არსებული პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
,,დღევანდელმა ხელისუფლებამ ნაწილ-ნაწილ დააქუცმაცა კახეთი და თითოეულ რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს წაართვა ხმის უფლება. დღეს გაურკვეველია რომელი სოფლის მცხოვრებელი რომელ რაიონში დააფიქსირებს ხმას, მაგრამ მთავარია ხალხი მზად არის იმისთვის, რომ აირჩიოს ღირსეული ძალა, რომელსაც წარმოადგენს ,,ნაციონალური მოძრაობა”. მე ძალიან კარგად ვიცი როგორც თელავში, ისე კახეთში არსებული თითოეული პრობლემა და მზად ვარ, ვუპასუხო ამ გამოწვევას. დარწმუნებული ვარ, რომ 8 ოქტომბერს საბოლოო წერტილს დავუსვავთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას, როგორც კახეთში ისე მთელ საქართველოში,’‘- განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი ბოტკოველი, თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

გიორგი ღვინიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი