სტატიები

მედიასაქმიანობის აკრძალვა დედოფლისწყაროში – ჟურნალისტი საკრებულოს სასამართლოში უჩივის

სააგენტოს კორესპონდენტს გიორგი რობიტაშვილს საკრებულოს 2016 წლის 7 ივნისის სხდომაზე ჟურნალისტური საქმიანობა აუკრძალეს. რობიტაშვილმა მოისურვა სხდომის გადაღება. წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ ზვიად ჯავახიშვილმა კი რობიტაშვილის მოთხოვნა კენჭისყრაზე დააყენა. საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ საინფორმაციო სააგენტოს წარმომადგენელი სხდომას არ გააშუქებდა. 
ჟურნალისტური საქმიანობის აკრძალვის ამსახველი ვიდეომასალა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ლევან ბაღაშვილმა გაავრცელა.
„საკრებულოს წევრების უმრავლესობას არ უნდა და მორჩა“, – ასე შეუზღუდეს ჟურნალისტს პროფესიული მოვალეობის შესრულება დედოფლისწყაროს საკრებულოში. 
როგორც knews.ge-ს საინფორმაციო სააგენტო “allmedia”-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ქართველიშვილმა განუცხადა, ჟურნალუსტს აუკრძალეს საკრებულოს სხდომის გაშუქების უფლება, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. მედია ორგანიზაცია ითხოვს, 7 ივნისის სხდომის დადგენილებების ბათილად ცნობასა და საკრებულოს რეგლამენტიდან ჟურნალისტური საქმიანობის შემზღუდავი კანონსაწინააღმდეგო ჩანაწერის ამოღებას. 
„ჩვენმა ჟურნალუსტმა საკრებულოს სხდომის დაწყებამდე წარადგინო საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტის მოწმობა. გვაინტერესებს, რის საფუძველზე შეუზღუდეს ჟურნალისტს კანონით მინიჭებული უფლება, გადაეღო და გაეშუქებინა სხდომა. ჩვენ გამოვითხოვეთ საკრებულოს სხდომის ოქმი. პარასკევს ვაპირებთ, რომ სასამართლოში სარჩელი შევიტანოთ. სასამართლოსგან მოვითხოვთ, რომ საკრებულოს 7 ივნისის სხდომაზე ყველა გადაწყვეტილება ბათილად იქნეს ცნობილი და რეგლამენტიდან ამოიღონ მუხლი, რომელიც ჟურნალიტს სხდომის გადაღების უფლებას უზღუდავს“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ქართველიშვილმა. 
„ნაციონალური მოძრაობიდან“ დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი ლევან ბაღაშვილი ირწმუნება, რომ წარმომადგენლობით ორგანოში მუდმივად იღებენ არასწორ გადაწყვეტილბებს და ამ მხრივ ნამდვილად არ იყო გამონაკლისი 7 ივნისის სხდომაც, რომლის გაშუქების წინააღმდეგიც იყო თავმჯდომარე. 
„ზვიად ჯავახიშვილს არ სურს, რომ საკრებულოს სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები გასაჯაროვდეს, რათა მათი უსაქმურობა და უგუნურება არ გამომჟღავნდეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, სამი საკითხი განიხილეს. სოციალური საკითხები, ადგილობრივ ბიუჯეტსა და საშტატო ერთეუელებში ცვლილებები. წინასწარ არც კი ვიცოდით რა საკითხები განიხილებოდა და ასეა ხოლმე ხშირად“, – აღნიშნავს ლევან ბაღაშვილი. 
საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ჟურნალისტს სხდომაზე პროფესიული საქმიანობა წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტის საფუძველზე შეეზღუდა. ზვიად ჯავახიშვილი მიუთითებს, რომ რეგლამენტის მე-9 მუხლში 2015 წლის 30 აპრილს შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საკრებულოს ღია სხდომაზე მოსულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლებს, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სხდომის ვიდეო/აუდიო ჩაწერის უფლება წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით აქვთ. ჯავახიშვილი ამბობს, რომ რობიტაშვილს პოლიტიკური შეხედულების გამო დეპუტატებმა სხდომის გაშუქებაზე უარი თქვეს.
„არავინ არ არის ვალდებული, რომ ახსნა-განმარტება გააკეთოს. მართალია, რომ გიორგი რობიტაშვილი წარმოადგინა კორეპონდენტის მოწმობა, მაგრამ ის არის მოქმედი ნაციონალური, რომელსაც დებოშის მოწყობის მეტი არაფერი არ უნდოდა. აქედან გამომდინარე საკრებულოს წევრებმა არ ისურვეს სხდომის გაშუქება და ეს მათი უფლებაა. გარდა ამისა, საკრებულოს რეგლამენტში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს სხდომის გადაღების უფლება მხოლოდ საკრებულოს თანხმობით აქვს. რეგლამენტი და რეგლამენტში შესული ცვლილებები გადავაგზავნეთ ზედამხედველობის ორგანოში სამართლებრივი ექსპერტიზისთვის და დადგენილებების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა არ გამოვლენილა. ზედამხედველობის ორგანოდან საკრებულოს უარყოფითი დასკვნა არ მიუღია“, – განმარტავს ჯავახიშვილი.
იურისტები განმარტავენ, რომ რეგლამენტში შესული ცვლილება ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს და უხეშად არღვევს გამჭვირვალეობის პრინციპს. კოდექსის 87-ე მუხლი მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის, აგრეთვე მთავრობის სხდომები საჯაროა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 
კანონი ადგენს, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, წინასწარი შეტყობინების ან/და წინასწარი ნებართვის გარეშე დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და წარმომადგენლობითი ორგანოს კომისიის საჯარო სხდომებს. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი, რომელიც ჟურნალისტს დედოფლისწყაროს საკრებულოს სხდომის გადაღებას უზღუდავს, არც ერთ სხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტში არ არსებობს.