ახალი ამბები

სოფელი ჭერემი და არაშენდა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შევა

ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ დადებითი რეკომენდაცია უკვე გასცა. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსპიკერმა ზვიად ბიაშვილმა განუცხადა, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში აღნიშნული ორი სოფლის შეტანის განკარგულებას საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში გამოსცემს.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს”.
სოფელი ჭერემი ზღვის დონიდან 1000 მეტრზეა გაშენებული, მაგრამ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის გარეშე იყო დარჩენილი. სოფელი არაშენდა კი ზღვის დონიდან 760 მეტრზე მდებარეობს. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში საგადასახადო შეღავათების სრული პაკეტი ამოქმედდა, სოციალური შეღავათები კი – ნაწილობრივ. აღნიშნული დასახლებული პუნქტების მოსახლეობა სოციალური შეღავათების სრული პაკეტით 2016 წლის პირველი სექტემბრიდან ისარგებლებს. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი და მეორე ბავშვისთვის, რომელთა ერთ–ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ბაშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის, 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 200 ლარი. 
მიმდინარე წლის 1 სექტემრბიდან სოციალური შეღავათების დარჩენილი ნაწილი ამოქმედდება. კანონის თანახმად, საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები დანამატის სახით მიიღებენ სახელმწიფო პენსიის 20%–ს, რომელიც, ყოველთვიურად 216 ლარს შეადგენს. ექიმების ხელფასი, რომელიც ამ ეტაპზე 650 ლარს შეადგენს, 360 ლარით გაიზრდება და საბოლოოდ 1010 ლარს შეადგენს. ხელფასები გაეზრდებათ პედაგოგებს და ისინი ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოზე 50%–იან დანამატს მიიღებენ.