ახალი ამბები

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმზე კახელი პედაგოგები დააჯილდოვეს

სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე 2015 წლის განმავლობაში სამოქალაქო განათლების წარმატებულ პედაგოგად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა მაისურაძე დაასახელეს. გარდა ამისა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შედეგიანი თანამშრომლობისთვის კახეთის რეგიონის წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგის პრიზი და მადლობის სიგელი ქალაქ თელავის მე-6 საჯარო სკოლის მასწავლებელს ეკა კობიაშვილსა და საგარეჯოს რაიონის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მასწავლებელს მანანა მჭედლიშვილს გადაეცათ. 

ფორუმში მონაწილეობდა რეგიონების 400 პედაგოგი, რომლებიც სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნენ. მათ ასევე, მიიღეს ინფორმაცია მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების, კარიერული წინსვლის სქემისა და სხვა რესურსების შესახებ.

კონფერენციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ნინო ბუაჩიძე დაესწრნენ.

კონფერენცია-გამოფენა სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პროგრამას აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.