26 მაისს თელავის ცენტრში მოძრაობა შეიზღუდება
,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ქალაქის მთავარი გამზირი დროებით ჩაიკეტება. მთავარ ქუჩაზე განთავსდება სცენა, მოეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, გამოფენები, კონცერტი”, – აცხადებენ მერიაში.
მოსახლეობას 26 მაისს შეზღუდული მოძრაობის გამო გადაადგილება შემოვლითი გზების მეშვეობით მოუწევთ.
გთავაზობთ მცირე ამონატიდს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან რომელიც 1918 წლის 26 მაისს იქნა მიღებული
“საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”
“მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო, საქართველო მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. “დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკაკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.