21 მაისს ახმეტაში ,,პანკისობა” გაიმართება
ღონისძიების ჩატარების ადგილზე გაშლილი და გამოფენილი იქნება პავილიონები, ფაცხები, ბანერები, სადაც გამოიფინება სხვადასხვა თვალსაჩინოებები – წიგნები, ნახატები, როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები (თიხა, კერამიკა, გობელენი და სხვა ხელნაკეთი ნივთები).
სოფელში მუზეუმის კუთხესთან გამოტანილი იქნება ძველებური, ყოფაცხოვრების ამსხველი სამუზეუმო ექსპონატები. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ მატყლის ჩეჩვის, ქსოვის, ქარგვის, მატყლის მოთელვის, ფარდაგისა და გობელენის დამზადების სამუშაო პროცესების.
საპატიო სტუმრებს თემატური თეატრალიზებული წარმოდგენით შეხვდებიან დუისის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
13.00 სთ-ზე მოხდება ღონისძიების ოფიციალური გახსნა. ახმეტის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, სხვადასხვა რანგის სტუმრები (დეპუტატები, გუბერნატორის ადმინისტრაცია და სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები) ოფიციალურად გახსნიან ღონისძიებას და ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს მიესალმებიან და მიულოცავენ სახალხო დღესასწაულს. დასახელდება გამორჩეული პანკისელი უხუცესი, რომელსაც გადაეცემა სიგელი და საჩუქარი ხეობის ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის.
გაიხსნება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები: ქართული ჭიდაობა, დოღი, შვილდოსნობა, მარათონული სირბილი, მკლავჭიდი.
სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებით, ფულადი პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
პარალელურად მოეწყობა ტრადიციული ქისტურ-ვაინახური სამზარეულოს კერძების მომზადების და დეგუსტაციის კუთხე, აქ სტუმრებს საშუალება ექნებათ არამარტო დააგემოვნონ ადგილობრივი სამზარეულოს კერძები, არამედ თვითონაც მიიღონ მონაწილეობა კერძების მომზადების პროცესში.
14.00 საათზე თეატრონზე მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ფოლკლორულ- ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდება დიდი საზეიმო კონცერტი. კონცერტის ბოლოს გაიმართება მოყვარული მოცეკვავეების იმპროვიზირებული ცეკვა-შეჯიბრი. მოხალისე მოცეკვავეები რიგ-რიგობით უწყვეტად ჩაენაცვლებიან ერთმანეთს და წარმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს. შეირჩევა გამორჩეული ნომრები და მოხდება მოცეკვავეების დაჯილდოვება.
20.00 საათზე საღამო დასრულდება ფრანების გაშვებით.