26 წლის თუში მეღვინე მივიწყებული ვაზის ჯიშების აღდგენას გეგმავს
მეღვინემ მეგობრებთან ერთად საკუთარი ბრენდი ,,ლაგაზი“ შექმნა და ნატურალურ ღვინოს აწარმოებს. მათ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში აქვთ ნახევარი ჰექტარი მიწის ფართობზე გაშენებული ვენახი და ღვინის მარანი, სადაც სტუმრებს მსუბუქი ლანჩით უმასპინძლდებიან.
შოთა ლაგაზიძე წლების განმავლობაში გიდად მუშაობდა. მან წარმოებისთვის საჭირო საწყისი კაპიტალი მეგობართან ერთად ერთი წლის განმავლობაში გიდად მუშაობით დააგროვა.
როგორც თუშმა მეღვინემ საინფორმაციო სააგენტო bpn.ge -ს განუცხადა, მეგობრები ნატურალურ ღვინოს მხოლოდ ბორდოს ნაყენით (კირითა და შაბიამინით) შეწამლული რქაწითელისგან აწარმოებენ. მისივე მტკიცებით, ვენახში შხამქიმიკატებს მიზანმიმართულად არ იყენებენ და აქცენტს ეკოლოგიურად სუფთა, ყოველგვარი მინარევების გამოყენების გარეშე მიღებულ პროდუქტზე აკეთებენ.
ლაგაზიძე ახლო მომავალში მივიწყებული ჯიშების აღდგენას და მათგან ღვინის სერიული წარმოების დაწყებასაც გეგმავს. 200 ძირი ,,კახური მცვივანი“ ვენახში უკვე ჩაყარა. მომავალ გაზაფხულზე კიდევ 700 ძირის მიმატებას აპირებს.
,,დღესდღეობით ყურძნის ეს უძველესი ჯიში მცირე რაოდენობით, მხოლოდ რამდენიმე ადგილას გვხვდება. წლების წინ კი ,,კახური მცვივანი“ საკმაოდ გავრცელებული იყო და მისგან ქვევრში განსხავებული გემოსა და არომატის მქონე ღვინო იწარმოებოდა. დღევანდელი პერსპექტივით ახალგაზრდის სოფელში წასვლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ ამავდროულად, თითოეული სოფელში დაბრუნებული ახალგაზრდა სფეროს განვითარებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. საქმე ის არის, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა მასიური წარმოებით ვერავის გააკვირვებს. ევროპის ბაზარზე თავს მხოლოდ ნატურალური პროდუქციითა და ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი წარმოებით დავიმკვიდრებთ“, -განუცხადა bpn.ge -ს შოთა ლაგაზიძემ.