თესაუში საერთაშორისო ინტერდისციპლინური სკოლის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საჯარო ლექცია თემაზე- ,,ლიდერობის ხელოვნება მდგრადი განვითარების კონტექსტში’’- თესაუს ასოცირებულმა პროფესორმა ელიზბარ ელიზბარაშვილმა წაიკითხა. როგორც knews.ge-ს თელავის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სეზონური სკოლის მიზანია ენერგეტიკის ეკოლოგიური პრობლემების კომპლექსურობის და სირთულის წარმოჩენა მდგრადი განვითარების ჭრილში. პროექტის სამიზნე აუდიტორიას ახალგაზრდა მეცნიერები, დოქტორანტები, მაგისტრანტები და ბაკალავრიატის სტუდენტები წარმოადგენენ.
“სეზონურ სკოლაში ჩართული სტუდენტები, უცხოელი და ქართველი პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევარები ახალ კონტაქტებს შეიძენენ, იდეებს, აზრებს, გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს და შესაძლო ერთობლივ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტებსაც დაგეგმავენ”, – განუცხადეს knews.ge-ს თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ინტერდისციპლინური სკოლის მეორე ეტაპი 12 მაისს დასრულდება. პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი მხარდამჭერები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან.

