ახალი ამბები

თუშეთის გზაზე ავტოსანტრანსპორტო მოძრაობა 20 მაისიდან აღდგება

 როგორც knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, ამჟამად გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და აბანოს უღელტეხილი თოვლისაგან გაწმენდილია, თუმცა ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია.
,,გზის გაწმენდითი ინტენსიური სამუშაობი უკვე რამდენიმე კვირაა რაც დავიწყეთ. ამ დროისათვის გაწმენდილია უღელტეხილი. ვჭრით თოვლს და გზები ისე იწმინდება, რომ ზვავსაშიშროება თავიდან ავიცილოთ. რამდენიმე დღის წინ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა“, – განუცხადა knews.ge-ს ნაჟა ნასყიდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, თუშეთის გზაზე, ე.წ. “ცოდვიაანთ ხევთან, ზვავი ჩამოწვა. სწრაფად მოძრავმა თოვლის მასამ ორი მამაკაცი მოიყოლა. შემთხვევამ 27 წლის ლ.ტ-ს სიცოცხლე იმსხვერპლა. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ცხოვრობდა.
,,თუშეთის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ახლადმოსულმა თოვლმა გამოიწვია. მეცხვარეების გასაცილებლად წასულ ორ მამაკაცს უღელტეხილზე ამობრუნებისას გზა ახალმა ნაშალმა თოვლმა გადაუღობა. ნიჩბის რამოდენიმე დაკვრაც საკმარისი იყო, რომ ზვავი ხელახლა დაძრულიყო და მანქანა მგზავრებიანად ჩაეტანა. მანქანიდან გადმოსულმა ორმა მგზავრმა მოასწრო გაქცევა და უფრო ადვილად გადარჩა, ზვავში ჩამარხული ორი მგზავრიდან ერთის ამოთხრა მოასწრეს, მეორე ზვავმა გაგუდა. ადგილზე ყველაზე ადრე მაშველები მივიდნენ, მაგრამ ვეღარაფერი გააწყვეს. ამ შემთხვევიდან კიდევ ერთხელ ხდება ცხადი, თუ რა პირობებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. ცხვრის გადარეკვას რამდენი სიფრთხილე და ცოდნა სჭირდება. მეცხვარეებს ცხვარი დილით ადრე ყინვის დროს გადაჰყავთ უღელტეხილზე, რაც ზვავსაშიშროებას ამცირებს. საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, რომ თუშეთში რისკები მაქსიმალურად შემცირდეს და ამის შესახებ ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება“, – განაცხადეს დაცული ტერიტორიების ეროვნულ სააგენტოში.