ახალი ამბები

სიღნაღში სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიურო გაიხსნა

 ახალი ოფისი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ და სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა გელაშილმა გახსნეს. 
როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, ბიურო კახეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებითა და იურიდიული კონსულტაციით უზრუნველყოფს.
“ახალი ბიუროს ამოქმედებით, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, დაიქირავონ ადვოკატი, უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად აღარ მოუწევთ თელავში ჩასვლა, რაც მათ მგზავრობის ხარჯებს და დროს დაუზოგავს. გადახდისუუნარო მოქალაქეებს სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ სისხლის სამართლის საქმეებზე, საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე – სოციალური დაცვის საკითხებზე. უფასო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია გადახდისუუნარო დევნილებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის”, – განუცხადეს knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. 
დღეისათვის, იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ოფისების ქსელი საქართველოს 19 ქალაქს მოიცავს.