პაატა ბურჭულაძის ფონდი სეტყვის მიერ მიყენებული ზარალის გამო „დელტას“ პასუხისმგებლობას აყენებს
როგორც პაატა ბურჭულაძის ფონდის კახეთის რეგიონულმა წარმომადგენელმა გიორგი მეგრელიშვილმა knews.ge -ს განუცხადა, კახეთში 5 მაისს მომხდარმა სეტყვამ და ზარალმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა, კონკრეტულ პრობლემებისა და საკითხების მიმართ დილეტანტური მიდგომები.
„კომპანია „დელტას“ მიერ დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები დაჯდა 200 მილიონზე მეტი, მაგრამ რეალურად გუშინ მოსულმა სეტყვამ გაანადგურა კახეთის რეგიონის სამი რაიონი. „დელტას“ სისტემების მიერ არ მომხდარა არც ერთი გასროლა. ისინი აცხადებენ, რომ რომ სისტემების ჩატვირთვა იგეგმებოდა მაისის ბოლოდან. სრულიად გაუგებარია, რას ფიქრობს ხელისუფლება აპრილის შუა რიცხვებში ან მაისის დასაწყისში მოსულ სეტყვასთან დაკავშირებით, რადგანაც თუ გლეხს დაუზიანდა მაისის შუა რიცხვში მოსავალი, მას მაისის ბოლოს გასროლილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მოსავალს ვერ შეუნარჩუნებს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
გუშინ სტიქიის შედეგად თელავისა და გურჯაანის სოფლები მოსახლეობა დაისეტყვა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
სეტყვა დღის განმავლობაში რამდენიმე ტერიტორიაზე განმეორდა. გურჯაანის რაიონში განსაკუთრებით ველსიციხე, შაშიანი, კალაური და ვაჩნაძიანი დაზარალდა. როგორც knews.ge -ს დაზარალებულებმა განუცხადეს, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია, თუმცა სტიქიის ზონაში სასოფლო-სამეურნეო კულტურების 30% ზე მეტი განადგურდა.