კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე სასამართლომ საბოლოოდ გაამართლა
უზენაესი სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ პროკურატურის ბრალდება არ დადასტურდა. კერძოდ, განჩინებაში მითითებულია, რომ საქმის შესწავლის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით განხილვა არ დადასტურდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საკასაციო პალატის მოსამართლეებმა – გიორგი შავლიაშვილმა, ნინო გვენეტაძემ და პაატა სილაგაძემ გამოიტანეს. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
პროკურატურა გიორგი სიბაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება – გაფლანგვაში 2013 წლის 30 იანვარიდან ადანაშაულებდა. სიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 15 ათას ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.
სისხლის სამართლის საქმეს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაური 2 წლის განმავლობაში იხილავდა.
2015 წლის 11 მარტს, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გიორგი სიბაშვილი წარდგენილ ბრალდებაში, ხუთივე ეპიზოდში სრულად გაამართლა.
ამის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება კახეთის საოლქო პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და თელავის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უცვლელი დატოვა.