ფემიციდი შესაძლოა განასკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარონ
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიურომ გუშინ დაარეგისტრირა. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მვკვლელობების პრევენცია ფემიციდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარების გზით.
“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექში” შესატანი ცვლილებების თანახმად, ფემიციდი განიმარტება, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა. ცვლილებების შესაბამისად, ფემიციდი ცალკე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება და განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 108-ე პრიმა მუხლი, რომლის თანახმად ფემიციდი, რომელიც არის გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის, ან ოჯახის სხვა წევრის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვანის, ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ან ჯგუფურად – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.
ამასთან, იგივე ქმედება ჩადენილი ორი, ან მეტი პირის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, ან შეკვეთით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.