აპრილში პატრიოტთა ალიანსმა 289 000 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიღებული თანხების თვალსაზრისით ლიდერობს საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, რომელმაც შემოწირულობის სახით 289 000 ლარი მიიღო. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 149 020 ლარი მიიღო, ხოლო ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი“ – 124 000 ლარი. პარტია რესპუბლიკურ პარტიას შემოწირულობები საწევროების წესით აქვს მიღებული. პატრიოტთა ალნისს ყველაზე მეტი თანხა 60000 ლარის ოდენობით მანუჩარ მაჩაიძემ შესწირა. მოქალაქე ქეთევან კიტოვანი პარტიას 45 000 ლარით დაეხმარა. knews.ge მთელი დღის განმავლობასი ცდილობდა პატრიოტთა ალიანსის ლიდერთან დაკავშირებას, თუმცა ირმა ინაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 50 000 ლარი შემოწირულობის სახით მოქალაქე გიორგი ბურჭულაძისგან მიიღო. გიორგი ჯიბლაძემ კი პოლიტიკურ გაერთიანებას 25 000 ლარი შესწირა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა. კობახიძის განაცხადებით, მმართველი პარტიის ფინანსები გამჭირვალეა.
„ჩვენი ფინანსები აბსოლუტურად გამჭვირვალეა. შემომწირველები პარტიის მხარდამჭერები არიან. ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავააქტიუროთ ეს პროცესი.
დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ სათანადო შემოწირულობების მობილიზებას, რაც საშუალებას მოგვცემს საპარლამენტო არჩევნებისთვის ღირსეულად გავიაროთ წინასაარჩევნო კამპანია“-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ყველაზე მსხვილი შემწირველია მიხეილ ჯანიაშვილი, რომელმაც პარტიის ანგარიშზე 28 000 ლარი გადარიცხა. შმაგი ქემერტელიძე პარტიას 20 000 ლარით დაეხმარა. როგორც knews.ge-ს ახალ პოლტიკურ ცენტრში განუცხადეს, აპრილში შემოწირულობა ძირითადად ბიზნეს სექტორიდან მიიღეს.
„აპრილის თვის ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან ბიზნესმენები მიხეილ ჯანიაშვილი და შმაგი ქემერტელიძე. სხვა დროსაც საკუთარ თანხებს ჩვენი პარტიის ანგარიშზე ძირითადად ბეზნეს სექტორის წარმომადგენლები რიცხავენ“, – განუცხადეს knews.ge-ს ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩში“.