გურჯაანის გამგეობაში 132 000 ლარის ოდენობის პრემია გასცეს
„პრემიის გაცემამდე ორი კვირით ადრე, კონკურსის წესით დანიშნულ თანამშრომლებზე პრემია არ გაგვიცია. მათ გარდა, უკლებლივ ყველა თანამშრომელმა პრემია აიღო. 2016 წლის ბიუჯეტით პრემია წელიწადში ორჯერ- სააღდგომოდ და ახალი წლისთვისაა გათვალისწინებული“, – განუცხადა knews.ge-ს ნატო გონგაძემ.
“საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველოში” ადგილობრივ თვითმმართველობებში პრემიების გაცემის მავნე პრაქტიკაზე საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში საჯარო მოსამსახურეების პრემიით წახალისება ნორმალური პრაქტიკაა, თუმცა საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს, რომ პრემიები მართლაც განსაკუთრებულ შემთხვევებში გაიცემოდეს. მესამე სექტორის მოსაზრებით, საქართველოს საჯარო ინსტიტუტებში პრემია რეალურად საჯარო მოსამსახურის ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გასაზრდელად გამოიყენება და დღეს მოქმედი სისტემის ფარგლებში, სრულიად გაურკვეველია კავშირი შესრულებული სამუშაოს მოცულობას/ხარისხსა და მიღებულ ფინანსურ წახალისებას შორის.
“თანამდებობის პირზე, საჯარო მოხელეზე პრემიის ან სახელფასო დანამატის გაცემამდე უნდა იყოს შეფასებული პიროვნების მიერ შესრულებული სამუშაო. თითოეულ მოხელეზე უნდა იყოს დასაბუთება, რისთვის იღებს ის პრემიას. დასაბუთებაში აუცილებლად უნდა იყოს განმარტებული, რომ რიგითმა მოქალაქემ რა სარგებელი მიიღო, რათა კონკრეტულმასაჯარო პირმა აიღოს პრემია ან დანამატი“, – განუცხადა Knews.ge-ს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ.