ახალი ამბები

პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ლია გიგაურის განმარტებით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებ-გვერდზე – registration.emis.ge და დასრულდება 25 მაისს, 20.00 საათზე.
რეგისტრაციის სისტემაზე გადასვლა, ასევე, შესაძლებელი იქნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულიდან.
გიგაურის განმარტებით, მოსწავლის დასარეგისტრირებლად აუცილებელია რეგისტრაციის სისტემაში შესაბამის ველებში მითითებული იყოს ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი და მშობლის მონაცემები. ამის შემდეგ მშობელმა უნდა აირჩიოს სასურველი სკოლა და დააჭიროს რეგისტრაციის ღილაკს. რეგისტრაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში რეგისტრატორი უნიკალურ კოდს მიიღებს როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.