თელავში ,,საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველომ” რეგიონული ოფისი გახსნა
ღონისძიებაზე ეკა გიგაურმა ორგანიზაციის 15 წლიან საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კახეთის რეგიონული ოფისი სრული დატვირთვით იწყებს მუშაობას.
,,ღონისძიებაზე ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. წარმოვადგინეთ ჩვენი 15 წლიანი მუშაობის ანგარიში. ასევე, საზოგადოებას რეგიონული ოფისის გახსნის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. თელავის ოფისი სრული სიმძლავრით იწყებს მუშაობას და ძალიან აქტიურები ვიქნებით. მოსახლეობას ვთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს. ასევე, სოფლებში გვექნება ხშირი შეხვედრები მოსახლეობასთან, მივაწვდით მიწის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას, როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები და სხვა მნიშნელოვანი საკითხები. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდს დავაკვირდებით. მონიტორინგს გავუწევთ როგორც პარტიების დაფინანსების, ასევე ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების საკითხებს. დავაკვირდებით ადგილობრივ თვითმმართველობების მუშაობას წინასაარჩევნო პერიოდში. არჩევნების დღეს გვეყოლება როგორც სტაციონალური დამკვირვებლები, ასევე მობილური ჯგუფები,’’- განუცხადა knews.ge-ს ეკა გიგაურმა.
ღონისძიებას თელავში მომუშავე არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლიტკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ. საზეიმო ღონისძიება თელავის მედია კაფეში ჩატარდა.